03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
დაძაბული სხდომა - გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება

გიორგი ოქროპირიძისთვის პატიმრობის გადაწყვეტილება მოსამართლემ დარბაზიდან გაუსვლელად, ადგილზე თათბირით მიიღო.

ახალი განჩინების მიხედვით, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ციხეს 12 ივნისს ვეღარ დატოვებს.

გადაწყვეტილებას დარბაზში ისმენდა მოკლული ლაშა მახარაძის დედა, რომელიც პროცესზე გარდაცვლილის ფოტოსურათებით მივიდა.

მოსამართლის განჩინების გამოცხადების შემდეგ პროტესტის ნიშნად დარბაზი ხმაურით დატოვა გიორგი ოქროპირიძის დედამ, რომელიც მთავრობას აკრიტიკებს.

სხდომა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოკლული ლაშა მახარაძის ახლობლებსა და მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ნათესავებს შორის რამდენჯერმე შეკამათება მოხდა.

პირადი მოტივით ცრუ დასმენისთვის პატიმრობა პროკურატურამ ოქროპირიძისთვის მას შემდეგ ითხოვა, რაც გაირკვა, რომ 2014 წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

სწორედ ამ გარემოების გამო ბრალდებულის ადვოკატები თვლიან, რომ მართლმსაჯულებაზე პროკურატურამ და სახელმწიფომ იძალადა.

სასამართლოზე ზემოქმედებას კატეგორიულად გამორიცხავს პროკურორი.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებას საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი სამი პროკურორი წარმოადგენდა.

გიორგი ოქოპირიძემ დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზეც ისაუბრა.

ბრალდებული აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფები მიმდინარეობს.

ის ცრუ დასმენის ფაქტს, რომლის გამოც დღეს მას პატიმრობის ვადა გაეზარდა, კატეგორიულად გამორიცხავს.

მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ განცხადება ქვეყნის მთავარმა ომბუდსმენმა გააკეთა.

9 თვის წინ სწორედ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უამბო ოქროპირიძემ მასზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტების შესახებ.

ნანუაშვილი დაუშვებლად მიიჩნევს იმას, რომ ომბუდსმენის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდებული ინფორმაცია პატიმრის წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის შესახებ პროკურატურამ ისევ მსჯავრდებულის წინააღმდეგ გამოიყენა.

ომბუდსმენის მსგავსად ახალგაზრდა იურისტები და სხვა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ბრალდებულის მიმართ ახალი ბრალის მას შემდეგ წარდგენა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, პროკურატურის მხრიდან მიზანმიმართულ ქმედებას ჰგავს.

უფლებადამცვლები სასამართლოზე შესაძლო ზეწოლაზეც საუბრობენ.

ცრუ დასმენისთვის გიორგი ოქროპირიძის მიმართ საქმის წინა სასამართლო მოსმენა 28 ივლისს გაიმართება.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები