"ლეიბორისტულმა პარტიამ" საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პარტია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმს ასაჩივრებს.
გიორგი გუგავას განცხადებით, დაირღვა ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლებები და არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ .
"ამ არჩევნებში ფეხქვეშ გაითელა მოქალაქის უმთავრესი უფლება, მიეღო თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა. სუსის, პოლიციის და მათთან შეკრული კრიმინალის მიერ განხორციელდა ძალადობა ამომრჩეველზე. ჩვენ ამას სასამართლოში ვასაჩივრებთ, რომელიც სამწუხაროდ ჯიბეში უდევს როგორც ცხვირსახოცი, მაგრამ ჩვენ ხალხთან ერთად, ოპოზიციის ერთიანობით, ბრძოლით მივაღწევთ შედეგს,"- აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.
"ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები იყო, თუნდაც ის, რომ უბნების 80 %-ზე მოხდა შესწორების ოქმების შედგენა, რომელიც შესწორდა არა იმავე უბანზე, არამედ მეორე დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლის შედგენასაც არცერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ დასწრებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევაა და გვაქვს ამის უამრავი ვიდეომტკიცებულება, თუ როგორ ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა და ამას სასამართლოზე წარვადგენთ,"- აცხადებს ადვოკატი მარინე ცუცქირიძე.