კვლავ უცნობი რჩება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის ზუსტი თარიღი.
ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესი გაჭიანურებაზე საუბრობენ და პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია და იმედოვნებენ, რომ მესამე რაუნდზე "ქართული ოცნება" გონივრული წინადადებით წარსდგება.
"ხელისუფლებას ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა წინადადებებით უნდა მოვიდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე. წინა ორი რაუნდი მთლიანად დაეთმო იმას, რომ მხარეებმა პოზიციები გაცვალეს. სავარაუდოდ, უკვე მესამე რაუნდზე გაირკვევა წინ წავალ მოლაპარაკებები, თუ საერთოდ ჩიხში შევა,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ არავინ იცის ჯერ იქნება თუ არა, საერთოდ მესამე რაუნდი. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ახლა, ბურთი ხელისუფლების მოედანზეა.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მესამე რაუნდზე "ქართული ოცნება" გონივრული წინადადებით უნდა წარსდგეს და შეხვედრა-შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე მმართველ გუნდს პროცესების გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ რადგან მოლოდინი არის მესამე რაუნდზე, ე.ი არსებობს მოლაპარაკების რესურსი. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში თავიანთი შეთავაზების ერთგულები არიან, ხელისუფლებას ელოდებიან ისეთ წინადადებას, რომელსაც ისინი დათანხმდებიან.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები, პარლამენტის მეათე მოწვევის პირველი შეკრების დღეს სამი დეკლარაციის გაფორმებას აპირებენ - სამივე მათგანი მათი ძირითადი მოთხოვნებიდან გამომდინარეა.