შესაძლებელია თუ არა "გირჩის" ინიციატივა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დიალოგის საგანი გახდეს - "ქართული ოცნების" წევრის, გიორგი კახიანის განმარტებით, სასამართლო და საარჩევნო სისტემაზე ამაზე შეთანხმება რომც არ მოხდეს, პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ მსგავს საკითხებზე მოხდეს მსჯელობა.
გიორგი კახიანი ამბობს, რომ პარტიები სხვადასხვა მოცემულობის წინაშე დგანან - მისი შეფასებით, ზოგმა პარტიამ არჩევნებში ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა და უსაფუძვლო არგუმენტით მოითხოვს ხელახალ არჩევნებს.
რაც შეეხება "გირჩის" მოთხოვნას სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, გიორგი კახიანი პასუხობს:
"სასამართლო სისტემას და საარჩევნო სისტემას, რაც შეეხება, ბუნებრივია, ამაზე შეთანხმება რომც არ მოხდეს, პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ მანდ უნდა ვიმსჯელოთ. დეტალებზე, რომელიც დახურულ მაგიდასთან განიხილება სიღრმისეულად ვერ შევეხები. ზოგადად, ასეთი შეთანხმება რომც არ იყოს, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ამ საკითხებზე საუბრები პარლამენტში უნდა მოხდეს, საპარლამენტო დებატების ფარგლებში.
პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა მოცემულობა აქვთ. მე ვხედავ პარტიებს, რომელიც მიიჩნევენ სავარაუდოდ, რომ მათ იმდენად ცუდი შედეგი აჩვენეს არჩევნების შედეგად, რომ მაგალითად "ევროპული საქართველო", რომელსაც 20 მანდატი ჰქონდა, ამ პარტიამ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ბუნებრივია ეს პარტიები სხვა მოცემულობის წინაშე არიან, შეიძლება მიიჩნევენ, რომ დასაკარგიც არაფერი არ აქვთ და მოიგონეს ეს გაყალბებული არჩევნების თემა სრულიად უსაფუძვლო არგუმენტებით და საუბრობენ მეორე არჩევნებზე. მაგრამ არიან პარტიები, რომელმაც ჩემი გადმოსახედიდან ნორმალური შედეგი აჩვენეს," - განაცხადა კახიანმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.
"ქართული ოცნების" წევრი დარწმუნებულია, რომ გარკვეული პარტიები მიიღებენ "სწორ გადაწყვეტილებას" და პარლამენტში შევლენ.