უწყებათაშორისმა საბჭომ 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობაზე, ბოლო 24-საათში როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებელსა და ვაქცინაციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელა
სხდომაზე აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებების რაოდენობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს - 17 ათასს გადააჭარბა, კვირის ბოლოდან კი, ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. მათ შორის, განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება.
როგორც საბჭოს სხდომაზე ითქვა, მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სინდრომი - ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა შეუძლიათ, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, როგორც ექიმის მიმართვით, ისე მიმართვის გარეშე და გაიკეთონ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი, რომელიც 20 წუთში პასუხის მიღების საშუალებას იძლევა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ოჯახის ექიმებთან, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო პორტალის მეშვეობითაა შესაძლებელი - http://ambulatoria.moh.gov.ge/, ან უნდა დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს - 1505.
ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც Covid 19-ის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან, კერძოდ, განისაზღვრა დაახლოებით 223 დაწესებულება, რომელიც ქვეყანაში ამბოლატორიულ ტესტირებას ჩაატარებს. მისივე განცხადებით, ყველა ჰოსპიტალიზირებული ადამიანი იქნება გამოკვლეული ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, მიუხედავად სიმპტომებისა.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ბოლო 24 საათში, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ინტენსიური ტესტირების პროგრამა, რომელიც გუშინ დაიწყო, ხელს შეუწყობს ინფიცირებულების სწრაფ დიაგნოსტიკასა და ინფორმირებას, რაც თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს.
სხდომაზე აგრეთვე აღინიშნა, რომ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, შესაბამისი უწყებების მონაწილეობით. ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას. გარდა COVAX პლატფორმისა, მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და მწარმოებლებთან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით მიმდინარეობს.
სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით იდგმება. ითქვა, რომ კვლავ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე.