ამ წუთებში, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე მსჯელობენ. ევროპული გაერთიანების საგარეო საკითხთა საბჭოზე, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებზე აზრებს გაცვლიან და მათ მოსაზრებას შემაჯამებელ ბრიფინგზე დააფიქსირებენ.
ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში 31 ოქტომბრის ქართული არჩევნები პირველივე საკითხად წერია, საგარეო ასპარეზზე განსახილველ სხვა საკითხებს შორისაა, აგრეთვე, ვენესუელის არჩევნები, ევროკავშირისა და თურქეთის სამომავლო ურთიერთობები, ჰონგ-კონგში უსაფრთხოების შესახებ მიღებული კანონმდებლობა, ადამიანის უფლებები და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ევროპული სტრატეგია.
დახურული სხდომის დაწყებამდე მინისტრთა დიდმა ნაწილმა ყველაზე აქტუალურ თემად, სწორედ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა დაასახელა. სხდომას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს.