"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი სოციალური ქსელით ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
წულუკიანი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულმა 31 ოქტომბრის არჩევნებისას ხმების პარალელური დათვლის პირველადმა ანგარიშმა, რომელიც ხარვეზის გამო მოგვიანებით, კორექტირდა, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის მცდელობებს შეუწყო ხელი.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
"ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ "შეცდომით"! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა "მძიმე მდგომარეობაა", ხოლო თქვენი "შეცდომის" გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ NGO, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში "ხარვეზისათვის" (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!