03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია "რუსთავი 2"-ს სასამართლოში უჩივის

საქართველოს სამოქალაქო ავიაცია "რუსთავი 2-ს" სასამართლოში უჩივის. ინფორმაცია ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებმა წერილობით გაავრცელეს. უწყებამ სარჩელის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუშინ "კურიერში" ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაცია "იკაოს" შავ სიაშია მოხვედრილი და შესაძლოა ორგანიზაციიდან გაირიცხოს. 

"რუსთავი 2-ის"ეთერში გასული სიუჟეტი წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობის დისკრედიტაციას. ორგანიზაცია "იკაო" არ აწარმოებს ე.წ. შავ სიას, შესაბამისად საქართველო ასეთ სიაში ვერ მოხვდებოდა.  ასევე გაცნობებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან გარიცხვის მექანიზმიც არ არსებობს. სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული სერიოზული ხარვეზები და პრობლემები არის 2004-2010 წლებში ამ სფეროში წარმოებული არასწორი პოლიტიკის შედეგი, რაც გამოავლინა 2013 წლამდე ჩატარებულმა "იკაო-ს" აუდიტმა. ტრანსპორტის სფეროში დაწყებული რეფორმა წარმატებით ხორციელდება, რაც დადასტურებულია, 2013 წელს სააგენტოში ჩატარებული არაერთი საერთაშრისო აუდიტით და 2007 წლის შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით.

"იკაოს" 2013 წლის აუდიტის დასკვნის შედეგად, სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი სამოქალაქო ავიაციის სფეროში, თუმცა, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზებიც. კერძოდ "იკაო-მ" დაადგინა, რომ 2007-2013 წლებში ავიაკომპანიებზე სერტიფიკატების გაცემის პროცესი გადახედვას საჭიროებდა. სწორედ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურებოდა 2014 წლის სექტემბრიდან  2015 წლის მაისამდე სააგენტოს მიერ ახალი კომპანიების რეგისტრაციაზე გამოცხადებული მორატორიუმი, რაც გარკვეული წრეების მიერ შეფასებული იქნა, როგორც ბიზნესისთვის დაბრკოლების შექმნა,"-აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვს. მისი მტკიცებით "რუსთავი 2-ის" ეთერში გასული სიუჟეტით საზოგადოება შეცდომაში იქნა შეყვანილი.  

სასარჩელო მოთხოვნების ფორმულირება ამ ეტაპზე უცნობია და როგორც სააგენტო განმარტავს ის უახლოეს მომავალში გახდება საჯარო.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ წლის ბოლოს "იკაოს" წარმომადგენლებს მოიწვევენ და შესრულებულ სამუშაოებს გააცნობენ. 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები