"ცოლის მოყვანა უნდოდა რატომ უნდა მოეკლა თავი?"- ამ განცხადებას ჟურნალისტებთან საუბრისას დაღუპული ქართველი სამხედროს, გივი კირკიტაძის მეგობრები აკეთებენ, რომლებიც დღეს კრწანისის სასწავლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიტოვებულ შენობასთან მივიდნენ, სადაც მათმა მეგობარმა გამოძიების ინფორმაციით თავი მოიკლა.
"გვითხრეს თავი მოიკლა ან მოკლესო. 5 დღის წინ ვნახე და მეუღლის მოყვანას აპირებდა. ჯარზე არაფერი მოუყოლია, მე როგორც ვიცი მას პრობლემები არ ჰქონდა,"- აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას დაღუპული რიგითის მეგობარი.
დაღუპული რიგითი კირკიტაძის მეგობრები არ ეთანხმებიან მათი მეგობრის თვითმკვლელობის ვერსიას, თუმცა საპირისპიროს აცხადებენ შს სამინისტროში, სადაც მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ რიგითი კირკიტაძე გარდაცვლილი კრწანისის სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში იპოვეს.
დაღუპული სამხედროს ოჯახს სამძიმარი თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოუცხადა.