მეათე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთ პირველ ინიციატივასთან დაკავშირებით პოლიტიკური დისკუსიები გრძელდება. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არ არის ჰუმანური აქტი, ან რაიმე ლოგიკით მიღებული გადაწყვეტილება თუნდაც პანდემიიდან გამომდინარე რისკების დასაზღვევად.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი ფიქრობს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ამნისტიის შესახებ არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური ვალის გადახდა საკუთარი მხარდამჭერებისთვის, რომელსაც ის წინასაარჩევნოდ ჰპირდებოდა.
"ეს არის უფრო "ქართული ოცნების" ვალდებულებების გასტუმრება წინასაარჩევნო ვალდებულებების და არა მთლიანად არსი, რასაც ამნისტია გულისხმობს იმიტომ, რომ მუხლები არის ხელოვნურად დაჩეხილი და დაჩეხილი ისე, რომ არც ერთი არასასურველი ადამიანი, არც ერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომლებიც ახლა ციხეებში არიან გამოკეტილი როგორც მძევლები და პირადი პატიმრები, არ მოხვდეს ამ გათავისუფლების ფარგლებში," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
გარდა ამისა კვლავ აქცენტს აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათი აზრით პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.
"სამწუხაროდ ისევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც არა სამართლებრივი და კანონიერი მოტივაციით, არამედ პოლიტიკური მოტივაციით სხედან საპყრობილეებში და ეს განსაკუთრებით მძიმე და სავალალოა იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც სწორედ პოლიტიკური დევნის, პოლიტიკური პატიმრების გამოშვების და სასამართლოს საბოლოოდ გათავისუფლების მოტივით მოვიდა ხელისუფლებაში და ამ მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად მიანიჭა მას 2012 წელს ქართველმა ხალხმა მანდატი," - აცხადებს "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.
ამნისტიის პროექტი მთლიანობაში 2 300 ადამიანს შეეხება - ციხეს დატოვებს 800-მდე პირი, 700-ს სასჯელი შეუმცირდება, 800-მდე მსჯავრდადებულს კი პირობითი პატიმრობა მოეხსნება. ამნისტია არ ეხება მძიმე დანაშაულს, მათ შორის, მკვლელობებს და ოჯახში ძალადობას. ამნისტირებულები იქნებიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდადებულებიც, თუმცა, არა გამსაღებლები. როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამნისტია პოლიტპატიმრებს არ შეეხება.