რისთვის არის მზად "ქართული ოცნება" მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე - ამაზე პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ორი წითელი ხაზი აქვს, რომელსაც არც ერთ შემთხვევაში არ გადაკვეთავს.
"ქართული ოცნების" წინადადება მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე, ვერანაირად ვერ იქნება დაკავშირებული, ვერც პლებისციტთან და ვერც ვადამდელ არჩევნებთან, ეს ის წითელი ხაზია, რომელსაც ჩვენ არ გადავალთ. დანარჩენი ნებისმიერი საკითხი ექვემდებარება კონსტრუქციულ განხილვას,"- აცხადებს გივი მიქანაძე.
რაც შეეხება ოპოზიცური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ადამიანების შრომის საფუძველზე სახელმწიფოში შეტანილი ფულით, ის პარტიები არ უნდა ფინანსდებოდნენ, რომლებიც საპარლამენტო ცხოვრებაში არ იღებენ მონაწილეობას.
"რამდენად იქნებიან ადამიანები თანახმა იმაზე, რომ საშემოსავლო და მოგების გადასახადები, რომლის აკუმულირებაც მათი შრომის საფუძველზე ხდება სახელმწიფოში, ის პარტიები დაფინანსდნენ ამ ფულით, რომლებიც საკანონმდებლო პროცესებში მონაწილეობას არ იღებენ. ჩვენმა გუნდმა სწორედ აქედან გამომდინარე დააინიცირა ეს კანონპროექტი,"- ამბობს გივი მიქანაძე.