აფრიკის დასახლებაში მოქალაქეების ნაწილი არ აპირებს დაემორჩილოს მერიის გადაწყვეტილებას უკანონო მშენებლობების დემონტაჟთან დაკავშირებით.
დევნილთა სააგენტო უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანს, რომელსაც შშმ მშობლები ჰყავს, მერია ერთადერთ საცხოვრებელს უნგრევს.
როგორც უწყება ამბობს, 8 წლის ბავშვის ოჯახს, საცხოვრებელი ბინა ზუგდიდში გადაეცა. საუბარია მოზარდზე, რომელზეც დღეს ანა არგანაშვილმა გააკეთა განცხადება და რომელმაც თქვა, რომ ბავშვს ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები და 79 წლის ბებია, არიან დევნილები და მათი საცხოვრებლის დანგრევის შემთხვევაში ყველა ქუჩაში რჩება. სასამართლომ კი 8 წლის ბიჭის მოთხოვნა სახლის ნგრევის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა.
განმარტება დღეს გაკეთდა მერიაშიც. მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ ყველა ის შენობა-ნაგებობა, რომელიც განთავსდება სახელმწიფო თუ თვითმმართველის მიწაზე, დემონტაჟს ექვემდებარება, მანამდე კი უწყება კანონმდებლობის შესაბამისად კანონდამრღვევებს გონივრულ ვადას აძლევს:
"დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით ყველა ის შენობა-ნაგებობა, რომელიც განთავსდება სახელმწიფო თუ თვითმმართველის მიწაზე ექვემდებარება დემონტაჟს, გამომდინარე იქიდან, რომ არავის აქვს უფლება მიიტაცოს სახელმწიფო მიწა. პირველი, რაც ჩვენი სამსახურის ვალდებულებაშია, არის, რომ გააფრთხილოს სამართალდამრღვევი. იმ მომენტში, თუ მოსახლე არ იმყოფება და არ ცხოვრობს, გვაქვს სრული უფლება მივიღოთ გადაწყვეტილება და ასეთი სახლის დემონტაჟი მოვახდინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას, ვახდენთ სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებას, მას ვაძლევთ გონივრულ ვადას დემონტაჟთან დაკავშირებით, ასეთის არარსებობის შემთხვევაში უკვე არსებული დოკუმენტაცია გაიგზავნება აღსრულების ბიუროში," - აცხადებს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ლევან ჯღარკავა.