პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონზე მსჯელობის დაწყებას გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ამნისტიის შესახებ კანონში არ შედის ის მუხლები, რა ბრალდებითაც დაპატიმრებულები არიან ის ადამიანები, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ამნისტია არ გადაიქცეს ორგანიზებულ დანაშაულთან გაფორმებულ ერთგვარ კონტრაქტად და ეს ჰუმანური აქტი არ გახდეს ფიქტიური:
"ამნისტია ჰუმანური აქტია, თავისთავად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ამნისტიაში, როგორც "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, არ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენმა პარტნიორებმაც კი პოლიტიკური პატიმრების სტატუსი მიანიჭეს.
ამნისტია არ უნდა იყოს სოციალური კონტრაქტი, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან, ძალიან მკვეთრად და კარგად უნდა იყოს გაწერილი ის პუნქტები, თუ როგორ და ვის ეხება.
მოცულობითი ამნისტია არ არის და განსაკუთრებით, იგი არ ეხება პოლიტპატიმრებს. ჰუმანური აქტი არ უნდა გადაიქცეს ფიქტიურ აქტად," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.