აჭარის უმაღლეს საბჭოს ოპოზიციის 6-მა დეპუტატმა მანდატის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. განცხადებები უწყებაში უკვე შესულია.
სულ არჩევნების შედეგად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი ოპოზიციის 7-მა დეპუტატმა მიიღო, თუმცა ერთ-ერთმა საკანონდებლო მუშაობაზე უარი არ თქვა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია აბულაძე აცხადებს, რომ უარს ამბობს მანდატზე, რადგან საქართველოში ხალხის ხმა არ ისმის და არჩევნებზე ხმები გაყალბდა.
"ამ პროცესებს ჩვენ ვემიჯნებით და არ მივიღებთ მონაწილეობას უმაღლესი საბჭოს მუშაობაში, რადგან ეს ყველაფერი არალეგიტიმურია,"-აღნიშნა გია აბულაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე აცხადებს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ერთპარტიული არ არის.
"უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული, ერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ განაგრძო საქმიანობა საბჭოში. ის რომ, ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული პოლიტიკური ძალა არ აპირებს მუშაობას მათი ნებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეცდომაა, ამაზე ყველა პოლიტიკურ პასუხს აგებს აუცილებლად,"-აღნიშნა დავით გაბაიძემ.