17 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
ეს ამნისტია ვერ იქნება პოლიტპატიმრების თემის დახურვა მანამ, სანამ ეს კონკრეტული მუხლები არ იქნება მასში ასახული - სერგი კაპანაძე

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი, რომლის განხილვასაც პარლამენტი იწყებს, ყოვლისმომცველი უნდა იყოს. "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის თქმით, კანონპროექტის იმ ვარიანტით, რომელიც აქამდე იყო ცნობილი, ხელისუფლება ვერ შეძლებს პოლიტპატიმრების თემის დახურვას, რადგან იქ არაა ის მუხლები, რომლითაც მთელი რიგი პოლიტიკური პატიმრები არიან საპყრობილეებში, ანდა ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება პოლიტიკური ლიდერების მიმართ:

"თუ ეს არის მართლაც ისეთი ამნისტია, რომელიც მოიცავს პოლიტპატიმრებს, მაშინ უნდა ვნახოთ კონკრეტულად რა მუხლებზე ვრცელდება ის. ჩვენ რაც აქამდე ვიცით, ის მუხლები, რომლითაც მთელი რიგი პოლიტიკური პატიმრები არიან საპყრობილეებში და ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება პოლიტიკური ლიდერების მიმართ, არაა შესული ამნისტიის კანონპროექტში, შესაბამისად ეს ამნისტია ვერ იქნება პოლიტპატიმრების თემის დახურვა, მანამ სანამ ეს კონკრეტული მუხლები არ იქნება ასახული მასში," - აცხადებს სერგი კაპანაძე.

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი იმ კითხვებზე საუბრობს, რომელსაც საარჩევნო ციკლის ახლო პერიოდში გამოცხადებული ამნისტია აჩენს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლებამ დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცეს ამ კითხვებს და არ გააჩინოს ეჭვები, რომ ეს დამნაშავეთა სამყაროს მიერ გაწეული სამსახურის სამაგიეროა:

"ყოველთვის, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება საარჩევნო ციკლთან ახლოს, წინასაარჩევნოდ ან არჩევნების შემდეგ, ეს ბუნებრივია აჩენს კითხვებს. ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ კრიტიკულ კითხვებზე გასცეს დამაჯერებელი პასუხები. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ხშირად გვესმოდა, რომ დანაშაულებრივ სამყაროსთან, იგივე ქუჩასთან ხელისუფლებას ჰქონდა კონკრეტული კონტრაქტი, რომ ქუჩა უნდა დახმარებოდა მმართველ პოლიტიკურ ძალას არჩევნებში გამარჯვებაში და რა თქმა უნდა, ამნისტია ამ კითხვას აჩენს," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები