საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ დავით ზალკალიანის განცხადებით, ოპოზიციის არ ყოფნა პარლამენტში არ არის სწორი და არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.
დავით ზალკალიანი ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მთლიანად ოპოზიციას აკისრებს.
"დღევანდელ პარლამენტში ჩვენ გვიხდება მხოლოდ ერთი პარტიის წინაშე მთავრობის პროგრამის წარდგენა, ეს არ არის სწორი და კომფორტული და ჩვენ ვერც ვიგრძნობთ კომფორტულად თავს ამ სიტუაციაში, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რაც შეიქმნა. ეს მოცემულობა შეიქმნა არა ხელისუფლების, არამედ იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, რომელსაც ავლენენ ოპოზიციური პარტიები, ვისაც საზოგადოებამ მიანიჭა მანდატი.
ეს არ არის ევროპული და არ შეესაბამება ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ დავინახეთ ჩვენი მეგობრების გამოხმაურება ამაზე, იგივე ჯეიმს აპატურაი, რომელმაც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატოში არ იღებენ ქვეყნებს, სადაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. ჩვენ დავინახეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთსულოვანია ამ არჩევნების შეფასებაში, რომ ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ყველა ფუნდამენტური თავისუფლების დაცვით და განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში.
დარღვევებზე და ხარვეზებზე საუბარი არის, თუმცა, ეს ერთი წუთითაც არ აყენებს ეჭვის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმაციას. არც ერთი ჩვენი პარტნიორი არ ამბობს, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურ არ იყო. ამას ამბობს მხოლოდ ის ოპოზიცია, რომელთაც ვერ მიიღეს მანდატი და არ აძლევენ საშუალებას მათ, ვინც მანდატი მიიღეს და მართლაც არ ყოფნით გამბედაობა, რომ გადადგან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
რეგიონი და მსოფლიო გამოწვევების წინაშეა და ამ სიტუაციაში როგორ შეიძლება მთელი საზოგადოება არ იყოს ერთიანი, რომ ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია. მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა გავერთიანდეთ, რომ გავუმკლავდეთ იმ უსერიოზულეს გამოწვევებს, რომელიც ჩვენ წინაშე დგას," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება უსმენს საერთაშორისო პარტნიორებს და კარგი იქნება, თუ მათი ოპონენტებიც იმავეს გააკეთებენ.
"ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი, ოპოზიცია უნდა შევიდეს და იმ ხარვეზებზე იმ პარლამენტში უნდა ისაუბროს. ხელისუფლებას ძალიან კარგად ესმის ჩვენი პარტნიორების განცხადებები და ჩვენმა ოპონენტებმაც კარგად უნდა გაიგონ. სწორედ ის ფაქტი, რომ გუშინ, პირველი მოსმენის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში, ეუთო/ოდირში, მიანიშნებს ხელისუფლების მზაობას, რომ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის შედეგად იქნას მიღებული ეს კანონმდებლები. კარგია, რომ დღეს ოპოზიციას აშშ-ის ელჩის მიმართ ასეთი დადებითი განწყობა აქვს, რაც არ იყო რამდენიმე დღის წინ, როდესაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ, ვითვალისწინებდით და მომავალშიც გავითვალისწინებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.