"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში მხოლოდ მაშინ შევა, როდესაც მთავარ საკითხებზე შეთანხმება გაფორმდება.
მისივე განცხადებით, ეს საკითხები უცვლელია - ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმა.
"როდესაც ჩვენ მივაღწევთ ამ შეთანხმებას, და იმედია რომ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი სისტემით, ახალი ადმინისტრაციით, რეფორმირებული საარჩევნო სისტემის პირობებში, ჩვენ ყველაფერ ამას განვახორციელებთ საკანონმდებლო ინიციატივების სახით პარლამენტში. ეს იგულისხმება. რა თქმა უნდა, შეთანხმების რეალიზაციისთვის აუცილებელია ოპოზიციის იქ ყოფნა. მანამდე ესა ვერ განხორციელდება ვერანაირად. ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ ვერ შევთანხმდებით მთავარ საკითხზე, რისთვისაც ბოიკოტი დაიწყო,"-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.