ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებები შეაფასეს "გირჩისა" და "მოქალაქეების" ლიდერებმა.
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ეთანხმება კელი დეგნანის პათოსს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდიდან ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება უნდა წამოიღოს.
"შეთანხმება გასაფორმებელია, იქიდან ყველაზე მნიშვნელოვანი - საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება არის წამოსაღები და, შემდეგ, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. ნუ რცხვენიათ იმის ხმამაღლა თქმა და ამოღერღვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. ჩვენც ამას ვამბობთ ზუსტად. ძალიან კარგი იყო იმ ოპტიმიზმის მოსმენა მე-5 რაუნდთან დაკავშირებით. ჩვენც გვინდა, რომ დროზე შედგეს ეს რაუნდი და იყოს შედეგიანი. "ქართული ოცნება" როგორც ელაპარაკება ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს არის შანტაჟი და ეს ითქვა გუშინ ელჩის მიერ, რომ შანტაჟით არავინ არ უნდა ილაპარაკოს - არც "ქართულმა ოცნებამ", არც ოპოზიციამ,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის თემა ტექნიკური საკითხია და მთავარია, მოლაპარაკება ისეთ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს.
"ბევრ რამეში ვეთანხმები, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ეს არჩევნები განსხვავებული იყო წინა არჩევნებისგან არა იმით, რომ დარღვევები იყო სპეციფიკური, მასშტაბი იყო იმდენი, რომ ამან გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ არ გვქონდა სრულად პროპორციული სისტემა და მაჟორიტარული ოლქები წყვეტდნენ, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებაში დარჩებოდა "ოცნება", თუ შეიცვლებოდა ხელისუფლება. პარლამენტში შესვლის საკითხი, ჩემი აზრით, არის ტექნიკური ამბავი, თუ მოლაპარაკების მაგიდა განახლდება და მოხდება შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაგის ნაწილი შეიძლება იყოს ეგ. თუმცა, შეიძლება არც იყოს და მოხდეს რაიმე პრინციპული შეთანხმება, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს,"- განაცხადა მან.