საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. ხვალ პარლამენტმა ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. მას კენჭს რიგგარეშე სესიაზე უყრიან. ამ შეხვედრას ესწრებიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის სხვადასხვა სამინისტროდან, ასევე აუდიტის სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან.
დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. ეს არის მესამედ კორექტირებული და რედაქტირებული ვარიანტი, რომელსაც ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ პროექტი გაწერილია 7.6%-იან დეფიციტზე, რაც მათი შეფასებით, არის მაღალი და ასევე მათი საზრუნავია ის დეტალიც, რომ 60%-იან დაგეგმილ და განსაზღვრულ ზღვარს ვალების მოცულობა გაცდა. დეპუტატების თქმით, მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღეს პირობა, რომ ეს მონაცემები შემცირდება და აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეტაპობრივად ამ მაჩვენებლების შემცირება.
"2021 წელს დაიხარჯება 2.5 მილიარდი ლარით მეტი, ვიდრე იხარჯება 2020 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარჯები, ასიგნებები იქნება 18.4 მილიარდი ლარი. გარდა ამისა არის გარკვეული პროექტების გაგრძელებაც გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურული პროექტების, რომ არ შეჩერდეს ეკონომიკის განვითარება. საგარეო ვალი, როგორც გითხარით კრიტიკულ ზღვართან დაკავშირებით არის 60.1%. როგორც გითხარით, მე თვითონ მაწუხებს ეს, ისევე როგორც ბიუჯეტის დეფიციტის მაღალი მაჩვენებელი. მთავრობა გვეუბნება, რომ აქვს მას გეგმა, როგორ უნდა შეამციროს, ეს არის მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს, ეს პარამეტრები შემცირდეს, ჩამოშორდეს 60%-ს," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ამ ვითარებაში, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაამძაფრა და გააუარესა, პროექტის ეს ვერსია ოპტიმალურია.
"ეს ბიუჯეტი თავისთავად ცხადია, რომ არის პასუხი იმ გამოწვევების, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანას ექნება მომავალი წლის განმავლობაში. შესაბამისად, პარამეტრი, რაც შეცვლილი იყო, არის გამომდინარე იქიდან თუ როგორი ეკონომიკური წელი იქნება მომავალი წელი.
ყველამ კარგად ვიცით, მომავალი წელი აუცილებლად იქნება რთული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეკონომიკური აღდგენა მოხდეს სწრაფად," - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.