პარლამენტი ამნისტიის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. სავარაუდოდ, საკითხი სესიაზე დაჩქარებული წესით ხვალ გავა, თუმცა იქამდე დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მსჯელობენ.
ახალი ინიციატივის თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლება ან მსჯავრის შემსუბუქება შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 40-მდე მუხლს.
განხილვა მოჰყვა ნარკოდანაშაულის თემასაც. კითხვები ისმის იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის დანაშაულის შემთხვევაში დატოვებენ მსჯავრდებულები საპატიმროს ან შეუმსუბუქდებათ სასჯელი. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დაზუსტება მოხდა.
აღინიშნა, რომ კანონპროექტი არ გაფართოვდება მათ მიმართ, ვისაც ბრალად ედებოდა და მსჯავრდებულები არიან ნარკოტიკების გასაღების გამო.
"სავარაუდოდ, მოგვიწევს გადახედვა ჩვენი პოზიციისა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილთან მიმართებით, რომ გავრცელებულიყო შეღავათი. იყო საუბარი, რომ ძალიან დიდია პირთა წრე, რომელსაც ეს პრობლემა აქვს. მით უმეტეს, რომ იმავე დოზირებასთან დაკავშირებული რეგულაციები როგორც არგუმენტი დასახელდა და გარკვეულ პრობლემა ამ თვალსაზრისით არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ მიერ იქნა შემუშავებული ვერსია, რომლის მიხედვითაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილზე გავრცელდეს ამნისტია, ოღონდ არ იქნება ეს სრული გავრცელება. ეს შეიძლება გულისხმობდეს მეოთხედით სასჯელის შემცირებას, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება განახევრება სასჯელის, ნაცვლად მთლიანად პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა,“ - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.