პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს.
შესაბამისი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ.
ამ პარტიიდან პარლამენტში შესვლის სურვილი ავთო ენუქიძემ გამოთქვა. მმართველ გუნდში განმარტეს, თუ რატომ განიხილა დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
""პატრიოტთა ალიანსი" იყო ერთადერთი პარტია, რომლის სიიდანაც არ იყვნენ ჩახსნილები სიის დანარჩენი წევრები და ამავდროულად, სხვა წევრები აცხადებდნენ პარლამენტში შემოსვლის მზაობას. ვიღაცას ეხსნება უფლებამოსილება და აქედან გამომდინარე, ვიღაცას ეძლევა საშუალება, შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. ამ მარტივი პროცედურის გამო, ჩვენ უფრო ადრე განვიხილეთ მათი საკითხი," - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო კი ამბობს, რომ პარლამენტის გამართული მუშაობისათვის აუცილებელია იქ კონსტრუქციული ოპოზიციის ყოფნა.
"პროცედურები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია ღია პოლიტიკური შეთანხმება. რეგულაციებს და პროცედურებს აქვს მნიშვნელობა და რაც უფრო მალე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, მით უკეთესი. მაგრამ, მთავარია მოლაპარაკებები და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მე-5 რაუნდი გაიმართოს," - აღნიშნავს სერგეენკო.
"პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" სიის სამ წევრს, ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძეს და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკოსთვის არ მიუმართავს.