17 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
თუ ფრიდონ ინჯია პარლამენტში შესვლას დათანხმდება, მას პარტიის დატოვება მოუწევს - ირმა ინაშვილი

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ მისი პარტიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.

ირმა ინაშვილი ფრიდონ ინჯიას იმ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის პარლამენტში შესვლას გეგმავს და აღნიშნა, რომ თუკი ის საკანონმდებლო ორგანოში შევა, მაშინ პარტიის დატოვება მოუწევს. 

"მე "ქართულ ოცნებას" ვარწმუნებ, რომ პარლამენტში 3 ან 4 დეპუტატის შესვლა, უკანონო პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს. დღეს ჩვენ ვართ იმის მომსწრე, რომ ხდება მხოლოდ 3 დეპუტატის საკითხის გამოტანა. ეს კი რეგლამენტის უხეში დარღვევაა. ჩვენი პარტიის არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ დიდი დისკუსია გვქონდა პარტიაში და სწორედ ამის გამო, არ ჩახსნა პარტიის თავმჯდომარემ სია. თუ ბატონი ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, მაშინ მას პარტიის დატოვება მოუწევს. სხვა ბიზნესმენები კი, რომელთა გვარების ხსენებაც არის, არ არიან პარტიის წევრები," - აცხადებს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი. 

რიგგარეშე სესიაზე, "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი უყარეს.

ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

"პატრიოტთა ალიანსი" არის პირველი პოლიტიკური პარტია, რომლის წევრთა მანდატებზე პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო.

დღის ამბები