"ქართული ოცნების" დეპუტაციას პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსი" უერთდება. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო სიის პირველ სამეულს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, დღეს პარლამენტი სიის მომდევნო წევრებისთვის უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს.
"ქართულ ოცნებასთან" ერთად, მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქანაძე. ასევე დეპუტატობაზე უარს არ ამბობს ავთო ენუქიძე, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" შემომწირველია და ის ცესკოში წარდგენილი სიის მეოთხე ნომერია.
როგორც დავით ზილფიმიანი აცხადებს, ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე არ შეიძლება, სწორედ ამიტომ აპირებს ის პარლამენტში შესვლას.
"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის მართვა ოპონირების გარეშე. ცოტანი იქნებიან თუ ბევრნი, განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს პარლამენტში. ჩვენ ინდივიდები ვართ და ასე ჩვენი ლიდერები არ ეპყრობიან თავიანთ წევრებს. მათ მე მკითხეს აზრი, არ მისულან და სია არ ჩაუხსნიათ. ვინც ჩახსნის სურვილი გამოთქვა, ასეც გააკეთეს და ვინც ჩემსავით თქვა, რომ პარლამენტში ყოფნა აუცილებლად მიაჩნიათ, ისინი შევლენ," - აცხადებს სატელეკომუნიკაციო კომპანია ”დიჯითალ ტვ-ს" დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი.
ასევე შეკითხვაზე, რამდენად სრულფასოვანი შეიძლება იყოს ოპონირება იმ პირობებში, როდესაც პარლამენტში დღეის მოცემულობით, მხოლოდ 4 ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი - დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ოპონირება არასრულფასოვანი იქნება, მაგრამ "სჯობს მცირე, ვიდრე არაფერი".
დღეს პირველად რიგგარეშე სხდომას დაესწრებიან "ქართული ოცნების" გარდა სხვა პარტიის წევრებიც. დეპუტატები სხდომათა დარბაზში უკვე იკრიბებიან.