17 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
დღეს ბიზნესმენს პოლიტიკაში შემოსვლას არავინ უკრძალავს - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართულ ოცნებაში" პირველი ოპოზიციონერი კანდიდატების პარლამენტში გამოჩენას მიესალმებიან. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ის ადამიანები, ვინც გადაწყვეტენ, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა, გარკვეულწილად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით პროცესშიც მიიღებენ მონაწილეობას. მათი თქმით, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდიც წინ არის და შესაბამისად, ხელისუფლება საგაზაფხულო სესიიდან სხვა ოპოზიციონერებსაც ელოდება საკანონმდებლო ორგანოში. 

"დღეს ბიზნესმენს არავინ უკრძალავს პოლიტიკაში შემოსვლას და საკუთარ პარტიებსაც კი ქმნიან. ამიტომ, რა ვქნათ, იმ პარტიებს არაპოლიტიკური ვუწოდოთ? ეს ყველაფერი არის ბელეტრისტიკა. თვითონ ოპოზიციის შიგნით გამოკვეთილია აზრთა სხვადასხვაობა იმ ტაქტიკასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – შემოვიდნენ, რა პირობით შემოვიდნენ და ა.შ.

ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად ღია ვიყოთ დიალოგისთვის,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

"ქართული ოცნების" დეპუტაციას პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსი" უერთდება. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო სიის პირველ სამეულს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, დღეს პარლამენტი სიის მომდევნო წევრებისთვის უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს.

"ქართულ ოცნებასთან" ერთად მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქანაძე. ასევე დეპუტატობაზე უარს არ ამბობს ავთო ენუქიძე, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" შემომწირველია და ის ცესკოში წარდგენილი სიის მეოთხე ნომერია.

დღის ამბები