რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი და ამის გადაკვეთას მმართველი პარტია არ აპირებს. ამის შესახებ უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკების განმავლობაში წინადადებები და შეთავაზებები ძირითადად მმართველი გუნდის მხრიდან მოდიოდა. კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკებისა და მსჯელობის გასაგრძელებლად მზად არის.
"მოლაპარაკებების განმავლობაში, წინადადებები პრაქტიკულად მოდიოდა მხოლოდ ჩვენგან. იქიდან მოდიოდა ულტიმატუმები, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. წინადადებები დავაყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ და მზად ვართ, რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ მსჯელობა ამ წინადადებებთან დაკავშირებით. მათ შორის, საუბარი იყო ფუნდამენტურ რეფორმაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ეს უნდა იყოს განხილვის საგანი. არც გაზაფხულზე, არც შემოდგომაზე, არც იმის შემდეგ გაზაფხულზე და შემოდგომაზე და ა.შ. 2024 წლის შემოდგომაზე იქნება რიგიანი არჩევნები,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გიორგი კახიანი ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დევს წინადადებები, რომელთა გარშემოც მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა მათ შორის არ განიხილება რიგგარეშე არჩევნები.
"ფაქტია ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, ჩვენთვის რა არის მიუღებელი, რა არის წითელი ხაზი და რასაც არ გადავალთ. ეს არის ის, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა არ განიხილება. ამის იქით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არის სხვა საკითხი, მაგიდასთან დევს წინადადებები, რომელთა გარშემოც მიმდინარეობს მსჯელობა. ამიტომ, ამ რაუნდზე მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ რაღაც კონკრეტულ შეთანხმებას მივაღწევთ, რაც შედეგად მოგვცემს იმას, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მაინც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და საპარლამენტო საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.
განცხადება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
"არჩევნებზე საუბარი არ არის, საუბარი არის დანარჩენ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, ადმინისტრირების გაუმჯობესებას და ა.შ. ამ ყველა თემაზე საუბარი ღიაა, დიალოგმა მაშინ აჩვენა, რომ შეთანხმება ძალიან ბევრ საკითხზე, ფაქტობრივად მიღწეულია და მიღწევადია. ამიტომ, დაველოდოთ როცა იქნება ეს მეხუთე რაუნდი,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.