პირველი მოსმენის მსგავსად მეორე ჯერზეც პარლამენტმა ამნისტიის პროექტი ერთხმად დაამტკიცა. განსხვავება თავდაპირველ რედაქციასთან შედარებით რამდენიმე დამატებული თავი და 30-ზე მეტი მუხლია, რომელსაც როგორც სასჯელისგან გათავისუფლების, ასევე პატიმრობის ვადის შემცირების სახით შეღავათი შეეხება. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამნისტია 800-ზე მეტ პირს შეეხება.
ამნისტიის პროექტის გაფართოების მიუხედავად, კანონმდებლები ირწმუნებიან, რომ კრიმინალის ზრდის რისკების დაზღვევა მათ მაქსიმალურად გაითვალისწინეს. ამის არგუმენტად ერთ-ერთი მთავარი პრინციპის შენარჩუნება სახელდება, რაც პროექტის ინიცირებისთანავე აღინიშნა - ამნისტია განსაკუთრებით მძიმე და რეციდივის მაღალი რისკის მატარებელ დანაშაულებს არ შეეხება.
ამნისტიის პროექტი, რომელიც განახლებული შინაარსით უკვე მეორე მოსმენით არის დამტკიცებული, პატიმრების გათავისუფლების და რიგ შემთხვევებში ვადის შემცირების გარდა მოიცავს დამატებას, რომლის მიხედვით ქალ მსჯავრდებულთა ნაწილს და ასევე მათ, ვინც ციხეში ყოფნის დროს სტუდენტის სტატუსის მოპოვება შეძლო, მკაცრ სასჯელს შინაპატიმრობით ჩაუნაცვლებს. დღევანდელი განხილვისას მიხეილ სარჯველაძემ დააზუსტა, რა შემთხვევაში ისარგებლებენ ამ კატეგორიის პატიმრები აღნიშნული შეღავათით.
სხდომის მიმდინარეობისას დამატებითი განმარტებები გაკეთდა ფინანსური და ქონებრივი დანაშაულის მუხლებზე გათვალისწინებული შეღავათების შესახებაც. ასეთ შემთხვევებში სასჯელის გაუქმების წინაპირობა ზარალის ანაზღაურება და დაზარალებულის თანხმობის მოპოვება იქნება.
ამნისტიის პროექტის მეორე მოსმენით მიღებას დღეს გამოხმაურება მოჰყვა იუსტიციის მინისტრისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდანაც. აღინიშნა, რომ პატიმრების გათავისუფლების შემთხვევაში, ყურადღება ექცევა იყვნენ თუ არა ისინი წარსულში ნასამართლევი, რაც საზოგადოებრივ საფრთხეებს ამცირებს.
დადებითი გამოხმაურებების გარდა დღეს იყო პროტესტიც. პარლამენტთან შეკრებილი აქტივისტები იმ პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებსაც პოლიტპატიმრებს უწოდებენ. საპასუხოდ, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ გიორგი რურუასთვის, ასევე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და საზოგადოებისთვის საშიშ დანაშაულებს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ეს მუხლები ამნისტიის პროექტში ვერ მოხვდებოდა. რაც შეეხება განხილვის შემდეგ ეტაპს, საკომიტეტო მოსმენები უახლოეს დღეებში განახლდება, ხოლო რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით საბოლოო კენჭისყრა ერთი კვირის ვადაში იგეგმება.