ერთ თვეზე მეტია პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ელოდებიან. თარიღი ისევ უცნობია. სწორედ დიალოგზეა დამოკიდებული, რამდენი პარტიით გააგრძელებს მუშაობას მე-10 მოწვევის პარლამენტი.
"მოლაპარაკების მოლოდინში ვართ უკვე თვეზე მეტია. თუ შედგება ეს მოლაპარაკებები, მორიგი რაუნდი დაგვანახებს რამდენად სერიოზულია ეს მოლაპარაკებები და რა პერსპექტივა აქვს საერთოდ. თუ პოლიტიკური შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც იხილავს ბატონი კობახიძე პარლამენტში. თუ არ შედგება მოლაპარაკება და შეთანხმება, მაშინ ვერ იხილავს ბატონი კობახიძე სხვა პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში. 4 საკითხიდან მხოლოდ 1 საკითხზე შეთანხმების მიღწევით, მოლაპარაკებები წარმატებულად ვერ ჩაითვლება," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.
"ვადამდელი არჩევნები ცალკე აღებული მიგვაჩნია, რომ ვერ იქნება იმდენი სიკეთის მომტანი ქვეყნისთვის, რაც მთლიანობაში რეფორმაა. მოლაპარაკების რესურსი არსებობს და იმის რესურსი, რომ საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს," - აღნიშნა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა.
ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, რაც "ქართული ოცნებისთვის" არის წითელი ხაზი და ამის გადაკვეთას მმართველი პარტია არ აპირებს.
"ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მზად ვართ კიდევ ერთხელ დავსხდეთ, განვიხილოთ ის რეფორმები საარჩევნო მიმართულებით. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. ამაზე არამხოლოდ ჩვენ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც საუბრობს," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.