"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას ოპოზიციურ სპექტრში ნეგატიურად აფასებენ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მისი პარტია ამ მიმართვას კატეგორიულად ემიჯნება.
"ამ განცხადების სულისკვეთებას და შიგნით მოყვანილ იდეებს კატეგორიულად არ ვიზიარებთ. თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლები ყოველთვის მხარს უჭერენ ქართველი ხალხის თავისუფლებას და მათ თავისუფალ ნებას. ტაქტიკურ, თუნდაც მნიშვნელოვან ტაქტიკურ საკითხებზე, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ხოლმე განსხვავებული აზრები, მაგრამ, საერთო ჯამში, თავისუფალი სამყარო არის ჩვენი მთავარი მოკავშირე,"- აცხადებს გიგა ბოკერია.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის მოთხოვნებს არ ეთანხმება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძეც და მიიჩნევს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული საკითხები ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს.
"მოთხოვნებს როგორ უნდა დავეთანხმო. არ მგონია, რომ რაიმე სახის პრეტენზია უნდა წაუყენოს ვინმემ საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან ელჩებსა და ევროკავშირს. მით უმეტეს, ელჩების გაწვევა-არ გაწვევას საქართველოში პოლიტიკური პარტია არ წყვეტს. რაც შეეხება არჩევნების არ ცნობას, ეს უცხოელ პარტნიორებს კი არ უნდა ვთხოვოთ, ეს არის ქვეყნის შიდა საკითხი და ეს უნდა გავარკვიოთ ჩვენ, შიგნით,"- აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა და ახალი არჩევნების დანიშვნამდე, ქვეყნიდან ელჩების გაწვევა მოითხოვა.