17 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ჩვენ ველოდებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მეტ ზეწოლას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე - ნუგზარ წიკლაური

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური შალვა ნათელაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც "ლეიბორისტების" ლიდერი საერთაშორისო საზოგადოებისგან ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე საქართველოდან ელჩების გაწვევას ითხოვს. ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

მისივე თქმით, თუ როგორი იქნება ამ ზეწოლის ფორმები, უმჯობესია, ქვეყნებმა თავად გადაწყვიტონ. 

"ქართველმა ამომრჩეველმა დაკარგა არჩევნების მიმართ რწმენა, რაც არაერთგზის იქნა დადასტურებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ამიტომ, ახლა ჩვენ ყველანი, ქართული დემოკრატიული საზოგადოება, ველოდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კიდევ უფრო მტკიცე და პრინციპულ პოზიციას, მეტ ზეწოლას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე.

თუ როგორი იქნება ამ ზეწოლის ფორმები, მიგვაჩნია, რომ უმჯობესია თავად გადაწყვიტონ იმ ქვეყნებმა, რომლებიც უკვე მრავალი წელია ეხმარებიან საქართველოს მყარი და მდგრადი დემოკრატიის ჩამოყალიბების საქმეში,"- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. 

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, სადაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა და ახალი არჩევნების დანიშვნამდე, ქვეყნიდან ელჩების გაწვევა მოითხოვა. 

დღის ამბები