17 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
პოლიტიკური მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში შედგება - მხარეები საკუთარ მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ საუბრობენ

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნები, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმა - ის პრინციპული საკითხებია, რომელზეც მათი მხრიდან კომპრომისი არ იქნება.

კოლეგების პოზიციას იზიარებენ "ევროპულ საქართველოშიც". პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ოპოზიციამ შეთავაზებათა პაკეტი ხელისუფლებას უკვე გადასცა, შესაბამისად ახლა შეთანხმება "ქართული ოცნების" ნებაზეა დამოკიდებული.

ვადამდელი არჩევნების კომპრომისული თარიღი, შესაძლოა პარლამენტში შესვლის წინაპირობა გახდეს "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლისათვის". ბარიერგადალახული პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები აქცენტს შეთანხმების აუცილებლობაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან დათმობის შემთხვევაში, მზად არიან საკანონმდებლო ბაზის რეფორმირებაზე პარლამენტში იმუშაონ.

მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულება საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებაზე გადის პარტია "მოქალაქისთვის". ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის მოგვარება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია. "გირჩისთვის" კი პარლამენტში შესვლის წინაპირობა, თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების ჩატარების სკითხი გახდეს.

საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე სასაუბროდ მზად არიან, თუმცა ამომრჩევლის ნების რევიზიას გამორიცხავენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრების თქმით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი ოცნებისთვის ე.წ. წითელ ხაზს წარმოადგენს. უმრავლესობაში იმედი აქვთ, რომ სხვა საკითხების ირგვლივ ოპოზიციასთან შეთანხმება მოხდება. რაც საგაზაფხულო სესიიდან პარლამენტში მათი წარმომადგენლების შესვლით უნდა დასრულდეს.

ვინ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას პარლამენტში მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის შედეგზეა დამოკიდებული. ფასილიტატორების მონაწილეობით ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა სავარაუდოდ იანვრის მეორე ნახევარში შედგება.

დღის ამბები