02 მაისი 2024,   06:51
ვრცლად
ჩემი პოლიტიკაში მოსვლის ორი ამოცანა - სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დასრულება და ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის სვლა წარმატებით დაგვირგვინდა - ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილში საუბარია იმ მიზეზებსა და მიზნებზე, რის გამოც მან 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. 

წერილში ნათქვამია, რომ მიზანი მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დასრულება და ქვეყნის ევროატლანტიკური გზით სვლის გაგრძელება იყო. 

"2011 წელს  პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება: 1) მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი;

2) ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი,"-ნათქვამია წერილში. 

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, მისი თქმით, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. 

"გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს "ქართული ოცნების", როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა. შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა - მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს,"-ნათქვამია წერილში.

დღის ამბები