პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს და ასევე კონკრეტული შეთავაზებები გააჟღერეს იმისათვის, რომ "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევა მომხდარიყო, თუმცა როგორც "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, მათ ამ შეთავაზებებზე ოპოზიციისგან კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, ეს მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ ოპოზიციას რეალურად არ სურს, ეს შეთანხმება შედგეს.
"ყველა ამ შეთავაზებაზე ჩვენ მივიღეთ საჯარო უარი ოპოზიციისგან, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდება მათ მიერ იყო უსაფუძვლოდ გაჟღერებული და ეს ყველაფერი იყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესის დასაწყებად მოგონილი. ისინი არ ელოდნენ, რომ ჩვენ გვექნებოდა ასეთი საპასუხო შეთავაზებები.
ამ ყველაფერში დაგვარწმუნა კიდევ ერთხელ იმან, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ მესიჯად დღემდე რჩება ერთადერთი, რომ ავრევთ ქვეყანას თუ არ ჩატარდება განმეორებითი არჩევნები, სხვა არგუმენტებს ჩვენ ვეღარ ვისმენთ ოპოზიციის რადიკალური ნაწილისგან.
როგორც ვხედავთ, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი და მე კიდევ ერთხელ მსურს მივმართო იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც ხალხის მხარდაჭერა მიიღეს არჩევნებში, რომ დღეს უკვე არის დრო, როდესაც მათ უნდა გადახედონ კიდევ ერთხელ საკუთარ გადაწყვეტილებას, რომელიც ვფიქრობ, პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ მიიღეს მათ რადიკალური ოპოზიციის ზეწოლის პირობებში, შემოუერთდნენ საპარლამენტო პროცესს, მიიღონ მონაწილეობა. დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება არის პოლიტიკური შეცდომა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.