17 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ვრცელი წერილი პოლიტიკიდან წასვლის წინ - არჩევნების შეფასება, უახლესი წარსული და არგუმენტები, რატომ მიდის ივანიშვილი პოლიტიკიდან

ბიძინა ივანიშვილმა 17 გვერდიანი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი პოლიტიკური ცხოვრების სრული ანალიზია წარმოდგენილი. მმართველი პარტიის უკვე ყოფილი თავმჯდომარე წერილს 2020 წლის არჩევნებში მიღწეულ გამარჯვებაზე საუბრით იწყებს. ივანიშვილის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოს ისტორიაში ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი. მისი აზრით, საზოგადოებამ აჩვენა, რომ ადამიანებზე მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზებით შეცვლის პრაქტიკა დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ასახელებს და ამბობს, რომ 8 წლის განმავლობაში საკუთარი მისია შეასრულა.

ბიძინა ივანიშვილის წერილში მნიშვნელოვან ადგილს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის შედარება იკავებს. 

ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლის ორ ძირითად მიზანსაც იხსენებს. არაჰუმანური მმართველობის მშვიდობიანი გზით შეცვლა და საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსისთვის წარმოქმნილი საფრთხეების განეიტრალება - ეს ის ამოცანებია, რომლებიც "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი თავმჯდომარის თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ელექტორატის მხარდაჭერით შესრულებულია. ივანიშვილი წერილში იმედს გამოთქვამს, რომ "ოცნება" იმ დეზინფორმაციულ ველთან გამკლავებასაც შეძლებს, რომელიც ამ დრომდე გამოწვევად რჩება.

მიღწევებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში საუბარია იმ მთავარ პრობლემაზეც, რომელიც დღემდე ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. ივანიშვილი საზოგადოებას ბოდიშსაც უხდის. 

ივანიშვილის აზრით, ჯერჯერობით ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, რაც მოქმედი პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობაა. 

ვრცელ წერილს ბიძინა ივანიშვილი მადლობით ასრულებს. პოლიტიკიდან წასვლის წინ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პირველ რიგში მადლობას უხდის ხალხს და ამბობს, რომ მას საზოგადოება არასოდეს დაუყვია მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, ის მადლობას უხდის მართლმადიდებელ ეკლესიას, თანამებრძოლებს, სტრატეგიულ პარტნიორებს და საკუთარ ოჯახს.

დღის ამბები