17 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ეს არის მცდელობა, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია პარლამენტში შეიტყუოს - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას სკეპტიკურად უყურებს

2020 წლის წლის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისიის შექმნას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის მცდელობა, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია პარლამენტში შეიტყუოს.

"საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, თუ ის არის შედგენილი წესიერად და მას რამე შინაარსი ექნება. მაშინ როდესაც, არცერთი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში და შენ თვითონ, "ქართული ოცნება" შენივე ქმედებას იძიებ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, ეს ანგრევს საგამოძიებო კომისიის იდეას. ჯერ ნდობაა მოსაპოვებელი, პარლამენტში ოპოზიციაა შესაყვანი და მერე იქ "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ, ერთობლივად კომისიაც შექმნას და სხვაგვარადაც იმსჯელოს არჩევნებზე,"-აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

"პირველ რიგში, ეს არის ძალიან მარტივი ცინიზმი და მეორე, ეს არის მცდელობა, რომ ოპოზიცია შეიტყუონ პარლამენტში იმისათვის, რომ ვითომ იქ რაღაც დემოკრატიულ პროცესს აქვს ადგილი. ბუნებრივია, "ქართული ოცნება" ცდილობს, იმიტაციური პროცესი შექმნას ამ ე.წ. პარლამენტში, რომელიც არ არის პარლამენტი და წარმომადგენლობითი ორგანო და მორეს მხრივ, დასავლელ პარტნიორებს უთხრან, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, დემოკრატიული პროცესებისთვის შეეწყოთ ხელი," - აცხადებს პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია.

მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

"ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, რომ შემოვიდეს, ჩაერთოს ამ პროცესში და ერთხელ და სამუდამოდ, არჩევნები და საარჩევნო სისტემა გახდეს კონსესუსზე დაფუძნებული. ოპოზიცია ამ შანსს ისევე უშვებს ხელიდან, როგორც გაუშვა მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის შანსი და ამ მხრივაც მოვუწოდებთ, სანამ არ არის ეს შანსი ბოლომდე დაკარგული, შემოვიდნენ და ქვეყნის დემოკრატიას ხელი არ შეუშალონ და არ შეაფერხონ. კომისია სანდოობას იწვევს იმიტომ, რომ საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით მოხდება ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობა,"- განმარტავს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

2020 წლის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია თებერვლის დასაწყისში შეიქმნება, ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე მიიღეს. კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც.

დღის ამბები