საკუთარი ქონების ქველმოქმედებისთვის გადაცემამდე, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და მმართველი პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, მიზეზები "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ვრცელ წერილში განმარტა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ისევ ფორმალურ მმართველად კულისებში გადაინაცვლებს და რეალურად არც არსად მიდის.
"მე მგონი საქმე გვაქვს უბრალოდ მოდელის შეცვლასთან და ეს ადრეც გვიხილავს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც მან თითქოს დატოვა პოლიტიკა, მაგრამ რეალურად ინარჩუნებდა ყველა ბერკეტს, პოლიტიკურ ცხოვრებას და მის გარეშე არ მიიღებოდა არც ერთი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი, მათ შორის დანიშვნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ახლაც ასეთი მოდელის ცვლილებასთან გვაქვს საქმე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ყველანაირად შეეცდება, წამყვან რგოლებზე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების, ჰქონდეს ზეგავლენა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.
"ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი პირველ რიგში მარცხის აღიარებას ნიშნავს.
"გამარჯვებული ლიდერები, რომლებსაც საქმე აქვთ გასაკეთებელი და საქმის საკეთებლად უნდოდათ არჩევნების მოგება, არჩევნებიდან 2 თვეში არ მიდიან. ეს ასევე ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ 31 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომ ქვეყანაში არის მწვავე კრიზისი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა და მის მიერ მართულმა სიტუაციამ და ამ კრიზისის განსამუხტად აუცილებელია ჩატარდეს ვადამდელი, ახალი, სუფთა, სამართლიანი არჩევნები," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
"გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის წასვლამ "ქართული ოცნების" გუნდში ქაოსი გამოიწვიოს.
"ყველაფერი რომ ბიძინას ხელში იყო თავმოყრილი და უცბად რომ ეს კაცი ამბობს წავედიო, ეს ხალხი, რომელიც მის იმედად იყო, მისი ბრძანებების იმედად იყო დარჩენილი, როგორ მოიქცევა? მე საერთოდ ამას არ ვუყურებ და არც კი ვიცი მინდა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე წავიდეს იმიტომ, რომ აქ შეიძლება ქაოსი დაიწყოს "ქართული ოცნების" შიგნით, პარტიაში, რომელიც მმართველია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამე არ ვიცი ამ პროცესზე, არ მაქვს ინფორმაცია, შესაბამისად ვერიდები ისეთი მკაფიო კომენტარების მიცემას იმიტომ, რომ რაღაცა შეიძლება იყოს ისეთი, რაც მე საერთოდ არ ვიცი და ამიტომ მეჩვენება უცნაურად," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.