ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე უკვე მეორედ შეცვლიან - ამჯერად ამ თანამდებობას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაიკავებს. აისახება თუ არა პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლა პარტიის რეიტინგზე და რა სირთულის წინაშე შეიძლება დადგეს მმართველი გუნდი - გადაწყვეტილებაზე "ღამის კურიერში" პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ახლა მთავარი გამოწვევა იმ ნდობის შენარჩუნებაა, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს.
პარტიის თავმჯდომარის ცვლილება "ქართულ ოცნებაში" ერთადერთი სიახლე არ იქნება. შაბათს დაგეგმილ ყრილობაზე პარტიის წევრები და დელეგატები პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობასაც დაამტკიცებენ.
პარტიაში დაგეგმილი ცვლილებები და პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის გასვლა ხელისუფლების ოპონენტებისთვის დამაჯერებელი არ არის.
ბიძინა ივანიშვილის წასვლით "ქართულ ოცნებას" რომ გამოწვევები გაეზარდა, ამაზე პარტიაში ღიად საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ყველა შესაძლო დაბრკოლებას კონსენსუსის გზით მოაგვარებენ.
პოლიტიკოსების გარდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მეორე დღეა განხილვის თემაა პოლიტოლოგებსა და ექსპერტულ წრეებში.