17 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის მრწამსს, ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს - ბექა დავითულიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი გურიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს. ბექა დავითულიანის თქმით, საქართველოს ტოლერანტობის დიდი გამოცდილება აქვს და აგრესიული ქმედებებით არ უნდა შევუქმნათ ნოყიერი ნიადაგი ქვეყნის არაკეთილისმსურველებს.

"ამ ქვეყანას აქვს ტოლერანტობის ძალიან დიდი ტრადიცია და გამოცდილება და მე დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი ყველა ქართველის გენეტიკურ კოდში დევს და მომავალშიც, ზუსტად ამ ტრადიციის და ისტორიის გათვალისწინებით გამოვნახავთ ურთიერთობას.

ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის მრწამსს, ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს და ჩვენი ხშირად გადამეტებული და სამწუხაროდ, აგრესიული ქმედებებით არ უნდა მივცეთ და შევუქმნათ ნოყიერი ნიადაგი ამ ქვეყნის არაკეთილისმსურველებს საკუთარი ზრახვების განხორციელებაში," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, გურიაში 13 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავდა ორი ადამიანი.

დაპირისპირება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, მუსლიმურ თემს სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა კი წინააღმდეგია.

ამავე თემაზე
დღის ამბები