პარტია "მოქალაქეებისა" და "გირჩის" შეხვედრას ოპოზიცია გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის თქმით, ელისაშვილისგან ინდივიდუალური შეხვედრის შესახებ შეთავაზება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია.
"დალაპარაკებით, რა თქმა უნდა, ყველას დაველაპარაკებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ნათელი რომ იყოს, პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ვრჩებით იმ პოზიციაზე, რაზეც აქამდე ვიყავით. განსხვავებით, ბატონი ელისაშვილისაგან,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკის თქმით, ოპოზიცია ელისაშვილის შემოთავაზებებს არც კი განიხილავს. კანდელაკის შეფასებით, ელისაშვილი დიდი ხანია შეერწყა "ქართულ ოცნებას" და მას მმართველი გუნდი სპიკერად იყენებს.
"ვიტყოდი, რომ პირველ რიგში უპასუხისმგებლობა არის სიტყვებით და პოზიციებით თამაში. ჩვენ განვიხილავთ პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუკი ვნახავთ, რომ ეს ხელისუფლება გამოდის ადეკვატური პოზიციებით. ჩვენ გვაქვს დათქმა რიგგარეშე, ახალი არჩევნების თაობაზე, რომელიც ჩატარდება ახალი ადმინისტრაციით, თავისუფალ და სამართლიან გარემოში," - აღნიშნავს პარტიის "ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, "გირჩსა" და "მოქალაქეების" წარმომადგენლებს შორის ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც პარტიების წევრები აცხადებენ, შეხვედრაზე განიხილება მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მოთხოვნები რომლებიც პარლამენტში შესვლას და არჩევნებს ეხება.