17 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ხელისუფლება პასუხისმგებელია დაიცვას თითოეული თანამოქალაქის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება - პოლიტიკოსები ბუკნარის ინციდენტზე

გურიაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე ინციდენტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას თითოეული მოქალაქის თავისუფლება რწმენისა და აღმსარებლობის. ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ყველა მსგავს კონტექსტში არსებული საქმე უნდა გამოიძიოს და მოძალადეები დაისაჯონ.

"ნებისმიერი ქვეყანა, სახელმწიფო, ხელისუფლება პირველ რიგში არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაიცვას ჩვენი თითოეული თანამოქალაქის თავისუფლება რწმენის, აღმსარებლობის და ყველაზე მნიშვნელოვანია, იმოქმედოს კანონის შესაბამისად - დაისაჯოს ყველა მოძალადე, რომელმაც იძალადა, გამოიძიოს ყველა საქმე, რომელიც ეხებოდა კანონის დარღვევას ამ კონტექსტში, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ მთელი ამ წლების განმავლობაში არა თუ ჯეროვანად იმოქმედა, არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ როდესაც საქმე ეხება რელიგიურ აღმსარებლობას და ეს არის ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, სახელმწიფოს ისინი უნდა დაიცვას.

"როდესაც საკითხი ეხება რელიგიურ აღმსარებლობას, აქ არის ერთი ნათელი ყველასთვის, ეს არის კონსტიტუციური უფლება ყველა ადამიანის თუ ჯგუფის, რომ ეს უფლება განახორციელოს. სახელმწიფომ ეს უნდა დაიცვას. შესაბამისად, როდესაც ხდება ამგვარი ინციდენტები, აქაც არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, ეს სახელმწიფოს აქვს - კანონი, სააგენტო, ადგილობრივი ხელისუფლება, მოლაპარაკებები და ბევრი სხვა რამ და აქამდე არ უნდა მიიყვანოს საქმე. როდესაც ასე ხდება ეს არის პოლიტიკის სისუსტე," - აცხადებს გიგი წერეთელი.

როგორც "ლელოს" წევრი სოფიო შამანიდი აცხადებს, "ქართულ ოცნებას" არ სურს მსგავსი ინციდენტებზე რეაგირება და ხელისუფლება მხოლოდ პრობლემების მიჩქმალვას ცდილობს.

"ბუკნარში მომხდარი ფაქტი პირდაპირ მიგვითითებს "ქართული ოცნების" მართვის მახინჯ ფორმებზე და რელიგიის საკითხთა სააგენტოს არსებობის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს. გუშინ განვითარებული მოვლენები არის იმის შედეგი, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა, რომელსაც წარსულში ჰქონდა ადგილი არ იყო გამოძიებული და რაც მთავარია გაანალიზებული. არ იქნა გამოძიებული მოხეს, ჭელას, ნიგვზიანის, სამთაწყაროს ინციდენტები იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს მსგავს ინციდენტებზე რეაგირება და ცდილობს მხოლოდ პრობლემის მიჩქმალვას," - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყველაფერი ხელისუფლებამდე მიდის და კარგი ხელისუფლების პირობებში მსგავსი ინციდენტები არ ხდება.

"ყველაფერი მიდის ხელისუფლებამდე. კარგი ხელისუფლების პირობებში, ამდენი საუკუნეა ვცხოვრობთ, არ ხდება ასეთი რაღაც. ეს რუსული თემაა, ეს ამოჩემებით კი არ გვაქვს, როდესაც ვსაუბრობთ. ოკუპანტი იქ გაჩნდება ხოლმე იმავე წამს. აი აქ უნდა ჩაერთოს ხელისუფლება ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში და მოარიგოს ისე როგორც წესი და რიგია," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, გურიაში 13 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავდა ორი ადამიანი.

დაპირისპირება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, მუსლიმურ თემს სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა კი წინააღმდეგია.

დღის ამბები