შევა თუ არა პარლამენტში ალეკო ელისაშვილის პარტია - ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც ოპოზიციის შიდა კონსულტაციები დასრულდება.
ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნები ისევ მთავარ მოთხოვნად უნდა დარჩეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა უცვლელია და ეს არის რიგგარეშე არჩევნები.
"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები. ის შემოთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით დაინიშნოს, ან არ დაინიშნოს, ჩემი პირადი გადმოსახედიდან, არის გაუგებრობა და აბსურდი. ეს ერთგვარი კაპიტულაციაა, რომ აი დავნებდეთ, ოღონდ პარლამენტში შევიდეთ,"-აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ მათი პოზიცია ცნობილი და უცვლელია.
"ჩვენი პოზიცია ცნობილია და ის არ შეცვლილა ბოლო თვეების მანძილზე. ვერცერთი სხვა პოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა მეეჭვება, რომ რაიმე სხვამ ოპოზიციაში ჰპოვოს გამართლება. რატომ დავარქვათ არჩევნებს პლებისციტი? ბარემ პლებისციტი ჩავატაროთ,"-აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების უძრაობის გამო უწევს ოპოზიციას სხვადასხვა დამატებითი ვარიანტების განხილვა.
"გვინდა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დავძლიოთ ხელისუფლებასთან ერთად, პოლიტიკური შეთანხმების გზით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ იძვრის და სწორედ ეს იწვევს ოპოზიციაში სხვადასხვა დამატებითი ვარიანტების განხილვას. მიუხედავად იმ ძალიან სამწუხარო რიტორიკის და ტყუილებისა, რომელიც ამ კვირაში ელისაშვილისგან მოვისმინეთ, მისასალმებელი იქნება, თუ მას შეუძლია ამ პროცესში რაიმე დადებითის შემოტანა,"-აღნიშნა საბა ბუაძემ.