ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ახალი თაობის ინტერნეტი განავითარებს, ჯანდაცვას ეხება. 5G ინტერნეტის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, დაინერგოს ახალი ტიპის სამედიცინო პროცედურები. 5G მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის, რომელიც პანდემიის შედეგად დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.
"მინდა აღვნიშნო, ძალზე მოხარული ვარ, რომ ამ ქსელს უერთდება ისეთი დიდებული ქვეყანა, როგორიცაა საქართველო. აშშ განსაკუთრებით მოხარულია საქართველოს გაწევრიანებით. საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ს საიმედო პარტნიორი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.
აშშ განსაკუთრებით მადლიერია საქართველოსი, რომელიც მხარს გვიჭერს ავღანეთში და ჩვენც ასევე მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოში გაერთიანებას და წინააღმდეგობას, რომელსაც ქვეყანა უწევს რუსეთის შემაშფოთებელ ქმედებებს," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქიმ.