ოპოზიციამ შიდა კონსულტაციებში შესაძლოა, მონაწილეები შეცვალოს. იქამდე, ვიდრე "ქართულ ოცნებასთან" მოწინააღმდეგეები მოსალაპარაკებლად დასხდებიან, ოპოზიციურ სპექტრს გასარკვევი აქვს - ვის ვისთან უღირს თანამშრომლობა საბოლოო კონსენსუსისთვის.
იდეა ასეთია - სამუშაო ჯგუფში იქნებიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატი მიიღეს.
ახალი გეგმა მას შემდეგ შედგა, რაც კონკრეტული პარტიები დარწმუნდნენ, რომ ოპოზიციიდან პოლიტიკოსების ნაწილს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების სურვილი არ აქვს.
"რთულია არასერიოზული ხალხის არასერიოზულ განცხადებებზე პასუხის გაცემა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "გირჩი" და ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" თამაშს თამაშობენ და მათ წისქვილზე ასხამენ წყალს. არავითარი აზრთა სხვადასხვაობა "ევროპულ საქართველოში" არ არსებობს. ასევე, არავის ეკითხება, ჩვენი პარტია ვის გაუშვებს მოლაპარაკებებზე, ამას პარტია წყვეტს," - აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.