19 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ზეა გათლილი. მისი თქმით, ეს რაოდენობა საჭიროა იმისთვის, რომ ვირუსის მაჩვენებელი შემცირდეს და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. 

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა. 

სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული გეგმის პირველი ეტაპი სამ ძირითად მიმართულებას, თუმცა მოქალაქეებს აინტერესებთ, შემოსული ვაქცინა იქნება თუ არა უსაფრთხო. ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 60% იმუნიზაციის მომხრეა, თუმცა აინტერესებთ, რამდენად შეიძლება ჰქონდეს ვაქცინას უკუჩვენება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები "კოვაქს პლატფორმასთან" და როგორც ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, ქვეყანაში შემოვა ვაქცინა, რომელსაც საერთაშორისო სააგენტოების რეკომენდაცია ექნება მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

"ჩვენი ვაქცინაციის გეგმა გათვლილია 60 პროცენტზე მოსახლეობის.  მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლეობა. ჯერჯერობით, 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, თქვენ რომ ჯოგურ იმუნიტეტს ეძახით რომ შეიქმნას, 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რომ ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ.

ამიტომ, ეს გეგმა გათვლილია ამაზე. ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია, სხვადასხვა ვაქცინის ღირებულებასთან მიმართებაში, სერვისის ღირებულება, რა ეღირება ერთი აცრა და ა.შ. ეს მერყეობს დაახლოებით 65 მილიონიდან 170 მილიონამდე,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მოსახლეობას ექნება სრულყოფილი ინფორმაცია ვაქცინის უკუჩვენების, ასევე მოსალოდნელი გვერდითი რეაქციის შესახებ.

"აუცილებელია ვაქცინის შემდგომი გვერდითი რეაქციების აქტიური მონიტორინგი, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ვაქცინაციის პროგრამის უსაფრთხოება. ჩვენი ექსპერტები გარკვეულ გამოცდილებას ფლობენ, თუმცა ჩვენ მაინც მოვითხოვეთ მონაწილეობა საერთაშორისო ექსპერტებისაც და ამაზე მივიღეთ წინასწარი თანხმობა. ეს იქნება კიდევ ერთი საფუძველი იმისთვის რომ ყველა გვერდითი რეაქცია გაანალიზდეს და შეფასდეს საფუძვლიანად, რათა ვიცოდეთ, უკავშირდება ეს ვაქცინას თუ გამოწვეულია რაიმე სხვა მიზეზით, რაც არის გარანტია სწორედაც რომ უსაფრთხოა განვითარებისთვის. მოსახლეობას აუცილებლად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია ვაქცინების უკუჩვენებების, ასევე მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

დღის ამბები