17 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის.

"ქალბატონებო და ბატონებო ძალიან დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის, ძალიან დიდი მადლობა გენერალურ მდივანს ,კახა კალაძეს ასეთი თბილი წარდგენისთვის - ნამდვილად საამაყოა, რომ ნამდვილი ჩემპიონი და ლიდერი ასეთი თბილი სიტყვებით წარგადგენს და გიჭერს მხარს. 

მივესალმები, რა თქმა უნდა,  ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ დღეს, ჩვენს ყრილობას. 

მივესალმები ჩვენი პარტიის 44 ათას წევრს. თითოეულ მათგანს შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნისა და ჩვენი პარტიის წარმატებაში. 

ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა. დღემდე ის იყო თავისუფლების, მშვიდობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ჩვენი  პოლიტიკური გუნდისთვის, რა თქმა უნდა სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე და ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი თავდადება და შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. 

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასევე მინდა მადლობა გადავუხადო  2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს პარტიის თავმჯდომარედ წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა პრემიერ- მინისტრს გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და პოლიტიკური საბჭოს, ამ პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს გამოცხადებული ნდობისთვის. 

მადლობას გიხდით ყრილობის დელეგატებს და ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს ჩემთვის გამოცხადებული ესოდენ მაღალი ნდობისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მაქსიმალურად დავიხარჯები ამ ნდობის გასამართლებლად. 

ჩვენ გაერთიანებული ვართ ,,ქართული ოცნების“ გარშემო. ,,ქართული ოცნება“ ალბათ სამ მთავარ რამეში გამოიხატება: პირველი, ეს არის ერთიანი საქართველო - ერთიანი ფიზიკურად და სულიერად. ფიზიკურად ერთიანი საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებითა და ოსებით. სულიერად ერთიანი საქართველო , სადაც ადამიანებს არ ჰყოფს სიძულვილი, არამედ ერთმანეთის სიყვარული აერთიანებს. 
ჩვენი ქართული ოცნება საქართველო კეთილდღეობის ევროპული დონით, ძლიერი ქალაქებითა და სოფლებით ძლიერი და წელში გამართული ოჯახებით  - საქართველო, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს სიღარიბეში. 

ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. 
სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო. სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. 

გასული წლების მანძილზე, ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება. ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ. დღეს, როდესაც ,,ქართულ ოცნებას“ აქვს სახელმწიფოს მართვის რვაწლიანი გამოცდილება, როდესაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰყავს ღირსეული და გამორჩეული ლიდერები, პროგრესული საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი, ღირსეული ლიდერები და წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში, პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა, რათა ბოლომდე იქნას მიყვანილი ის საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო - ეს არის ჩვენი ქვეყნის გარდაქმნა მთელი თავისი არსით ევროპულ სახელმწიფოდ.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ამბიციური გეგმა, შევქმნათ მყარი საფუძვლები , რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე. 

გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ 2021 წელს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის. ერთად დავდგეთ საქართველოს წარმატებისთვის,"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები