ოპოზიცია შიდა კონსულტაციების მორიგ რაუნდს იწყებს. "გირჩი" და "მოქალაქეები", რომლებსაც სადეპუტატო მანდატებზე ოფიციალურად ჯერ უარი არ უთქვამთ, სავარაუდოდ, "სტრატეგია აღმაშენებელს" შეხვდებიან. განხილვის მთავარი თემები თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად გამოყენების ინიციატივა და საარჩევნო სისტემაა.
"თვითმმართველობის არჩევნებზე რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, ეს არჩევნები განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად და იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" დამარცხდება ამ არჩევნებზე, მან აიღოს ვალდებულება, რომ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. ამ ინიციატივით ვაპირებთ, რომ შევხვდეთ გიორგი ვაშაძეს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს," - აცხადებს "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი.
როგორც "გირჩში" აცხადებენ, მათი მცდელობაა თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად ქცევის ინიციატივის ირგვლივ გააერთიანონ ოპოზიცია და კრიზისიდან გამოსავალი იპოვონ.
"ჩვენი მცდელობაა, რომ გავაერთიანოთ ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად დაიშალა და ბევრი შიდა პრობლემა გაჩნდა. ამიტომ, ჩვენ, პირველ რიგში, შევხვდით ალეკო ელისაშვილს და ვთხოვეთ, რომ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაში ხელი შეგვიწყოს. ალეკოს ჰქონდა ბევრ სხვა პარტიასთან დაძაბული ურთიერთობა და ეს კარგი ჟესტია ალეკოს მხრიდან, რომ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის და ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად," - აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
შიდა კონსულტაციებს მიესალმებიან "სტრატეგია აღმაშენებელში", თუმცა ადეკვატურ რეაგირებას ისინი პირველ რიგში ხელისუფლებისგან ელოდებიან.
"ალბათ, ჩვენი კოლეგები ფიქრობენ, რომ აქვთ იდეა, რაზეც უნდა მოგველაპარაკონ და შემდეგ აპირებენ, ალბათ, ამ იდეით ხელისუფლებასთან საუბარს, არავისთან შეხვედრის პრობლემა "სტრატეგია აღმაშენებელს" არ აქვს, ყველა იდეა ექვემდებარება განხილვას და ასევე, დასაფასებელია ამ ადამიანების ძალისხმევა, მაგრამ ხელისუფლების თანმხვედრი ნაბიჯების გარეშე ჩვენ პარტიებს შიგნით საუბრის დიდ აზრს ნამდვილად ვერ ვხედავთ" - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.