პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" მცირე ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილთან ერთად COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს. მათი თქმით, შეზღუდვების გამო სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებულმა ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები კი საქმიანობის შენარჩუნებას ფინანსური ხარჯების გამო ვეღარ ახერხებენ.
"ჩვენს ბარში 82 ადამიანია გაფორმებული, რომლებიც ამ მომენტისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადმოგდებულ 200 ლარზეა დარჩენილი. ამ ადამიანების უკან ოჯახები დგას. ასევე, არის დაცვის მომსახურება, დისტრიბუცია, რომლის ვალებიც გაგვაჩნია. არის ქირა, რომელსაც ვერ ვიხდით," - აცხადებს ბარ ”სახელოსნოს” დამფუძნებელი ივანე მაჭავარიანი.
სათხილამურო კლუბის დამფუძნებელი კი აცხადებს, რომ თუკი სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ თებერვლიდან მთის კურორტები უნდა გაიხსნას, ეს არა 31 იანვარს, არამედ მანამდე უნდა გამოაცხადონ. მისივე განცხადებით, თუ წელს ზამთრის კურორტები არ გაიხსნება, ძალიან ბევრი ადამიანი "მშიერი დარჩება".