"გირჩისა" და "მოქალაქეების" მიერ დაწყებულ შიდა ოპოზიციურ კონსულტაციებს სკეპტიკურად უყურებენ "ლელოში". "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ პროცესს მთავარი აქცენტი "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციაზე გადააქვს:
"ეს საუბარი თუ განხილვა გამოსავლის სხვადასხვა გზის მოხდეს იმ ფორმატში, რომელიც შეთანხმებულია და რომელიც გასულ წელს შეიქმნა - საერთო ოპოზიციური საუბრის ფორმატი. მე არ მგონია, რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რაიმე წინადადების განხილვა. მე არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები. ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საჯარო სივრცეში დაწყება საუბრის ამ ყველაფერზე, მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას "ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანად აფასებენ ინიციატივას "ნაციონალურ მოძრაობაშიც." ზაალ უდუმაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება პლებისციტის ჩასატარებლად მზადაა, ის დამოუკიდებლად უნდა მოხდეს და არა, თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმით:
"ჩვენი აზრით, ეს არ არის ის წინადადება, რომელიც განხილული შეიძლება იყოს ახლა ხელისუფლებასთან, რადგან ეს უფრო ჰგავს ყურადღების გადატანას მთავარი საკითხიდან, რომელსაც ჰქვია ახალი არჩევნები და ვადამდელი არჩევნები.
არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში პლებისციტი და თვითმმართველობის არჩევნები. თუ ხელისუფლება მზად არის, რომ პლებისციტი ჩაატაროს, ჩავატაროთ და პირდაპირ დავარქვათ თავისი სახელი და არა ის, რომ არჩევნებს ჩვენ მივანიჭოთ კიდევ სხვა მნიშვნელობა," - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მხოლოდ მაშინ უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუ დღეისთვის არსებული კრიზისი სამართლიანად განიმუხტება:
"თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის აზრს მე ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ დღეს არსებული კრიზისი განიმუხტა სამართლიანად. სხვა შემთხვევაში, მე ვიქნებოდი იმისი მომხრე, რომ ოპოზიციას ეფიქრა ბოიკოტზე," - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.