პარლამენტი ნარკოპოლიტიკის რეფორმას იწყებს. ნივთიერებების გარკვეული ნაწილისთვის ოდენობები ზუსტდება. საუბარია მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებზე.
კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
საკანონმდებლო ინიციატივა 8 საშუალებას შეეხო, იცვლება მათი ოდენობის გამოთვლის წესებიც.
"ეს არის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ზუსტად განისაზღვრება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის, ლიზერგიდი (ლსდ), მდმა, მეთკათინონი (ეფედრონი), მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.
ოდენობათა დაანგარიშების მეთოდიკა დაეყრდნო, ერთი მხრივ, სამეცნიერო ლიტერატურასა და მეორე მხრივ, ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას.
ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზის ოდენობა. ნივთიერებათა ოდენობები გამოითვალა იმგვარად, რომ არ მოხდეს არც მოხმარების და არც ნარკორეალიზატორების წახალისება.
ამ კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება და მეტად განჭვრეტადი გახდება ნივთიერებათა ოდენობები დოზისა და თრობის ეფექტის გათვალისწინებით, რაც პროპორციული და სამართლიანი სასჯელების გამოყენების საფუძველს შექმნის", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობის დაზუსტებას საკანონმდებლო დონეზე მიესალმებიან არასამთავრობო სექტორშიც.
"ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს და კარგია, რომ პარლამენტი იწყებს მუშაობას. თუმცა კანონპროექტის ინიციატორების დღევანდელი ბრიფინგიდან არ ჩანს კანონპროექტის ზუსტი შინაარსი. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები არ არის საკმარისი და ნარკოპოლიტიკაში რჩება საკითხები, რასაც ასევე სჭირდება შემდგომი გაუმჯობესება და დახვეწა,"- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.
"ქართული კანონმდებლობის დიდი ხარვეზია ოდენობების განუსაზღვრელობა, რის გამოც ბევრი ადამიანი არა ვაჭრობის, არამედ მიზერული დოზის ფლობის გამო ბევრი წლით მიდის და დღესაც ზის ციხეში. სწორი ინიციატივაა, ჩამონათვალი ნივთიერებებიც ასევე მისასალმებელია, ძირითადად ეს ის ნივთიერებებია, რაც ტრიალებს ქართულ ბაზარზე,"-აცხადებს ნარკოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნარივა ჯორჯიას" დირექტორი დავით ოთიაშვილი.