პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ევროპული სასამართლო საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში გამოაცხადებს. მთავრობის მეთაურის თქმით, გადაწყვეტილება 12 წლიანი შრომის შედეგი იქნება, რომელიც უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუაპციისთვის ბრძოლაში.
"დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მოგეხსენებათ, რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება იქნება შედეგი 12 წლიანი შრომის, ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს, გარდა იმისა, რომ ახდენს კომპენსაციას ჩვენი დაზარალებული მოქალაქეებისთვის და იქმნება საფუძველი ამისთვის, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად იქნება საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პირველი საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის ომის საქმის.
ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები უწყებათაშორის კოორდინირებული მუშაობის ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში.
ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები,“ - აცხადებს გიორგი გახარია.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგ ვის ცნობს დამნაშავედ სტრასბურგის სასამართლო. ევროპული სასამართლო საქმეზე "საქართველო რუსთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. საქართველო რუსეთს აგვისტოს ომის საქმეზე ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. მათ შორისაა: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება და სხვა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 2013 წლიდან მოყოლებული, რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და 700 მდე მტკიცებულება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა . 2018 წლის 23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველო მყარი პოზიციებითა და მტკიცებულებებით წარსდგა. პირველადი საჩივარი საქმეზე საქართველომ, ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და მოითხოვა დროებითი ღონისძიების მიღება. ხოლო ოფიციალური სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინეს. 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა.