17 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
პიკი გადავიარეთ, თუმცა ეს არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საფუძველს - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების პიკმა ქვეყანაში უკვე გადაიარა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველს არ იძლევა. განცხადება მინისტრმა "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

"ჩვენ პიკი გადავიარეთ, თუმცა ეს არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საფუძველს, ვინაიდან, ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი ზაფხულზე, როდესაც ჩავთვალეთ რომ გარკვეულ წილად იყო დაძლეული ის სირთულეები, რომელიც კოვიდ-19-ს ახასიათებს. ჩვენ ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სამომავლო სტრატეგიული გეგმა, თუმცა ამ ეტაპისთვის, გვაქვს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძვლები,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრი ამბობს, რომ მსჯელობა შეეხო სავაჭრო ობიექტებს, ასევე სკოლების თემას და ბავშვების სასწავლო დაწესებულებაში სიარულის საკითხს, რომლის შესახებაც, მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებას საბჭო საერთო ფორმატში ხვალ მიიღებს.  

"ჩვენ ვიმსჯელეთ შეზღუდვების მიმართულებით, ძირითადად, ეს კომპონენტი ეხებოდა აჭარის რეგიონს, ვინაიდან, გვაქვს ყველაზე დადებითი მაჩვენებელი დინამიკის აჭარის რეგიონში, მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, აჭარასთან მიმართებაში ჩვენ ვიქნებით საკმაოდ ფრთხილი. მსჯელობის დამატებითი კომპონენტი იყო ასევე სავაჭრო ობიექტები, რომლებმაც აჩვენეს საკმაოდ კარგი შედეგი, როდესაც ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და საახალწლო პერიოდისთვის მივეცით მათ საშუალება, რომ ჩართულიყო ეკონომიკურ საქმიანობაში. ასევე, ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობა და მათი სკოლაში სიარულის დაწყება. ამასთან მიმართებაშიც იყო გარკვეული მსჯელობა, თუმცა გადაწყვეტილებას საბჭო საერთო ფორმატში მიიღებს ხვალ,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე. 

დღის ამბები